Monday, November 16, 2015

რა არის 'თამაშობანა'?

ბავშვობაში მზის ამოსვლამდე ვხტებოდით ლოგინიდან და თავქუდმოგლეჯილნი ჩავრბოდით კიბეებზე, რომ რაც შეიძლება მალე შევერთებოდით ჩვენს მეგობრებს თუ მეზობლებს და გვეთამაშა. „ამოდი, ისადილე!“ - ეს ფრაზა თითქოს  დასჯის ელფერს ატარებდა, ამიტომ  ერთი სული გვქონდა, როდის ჩავირბენდით ისევ და დავუბრუნდებოდით  დაწყებულ თამაშებს.

დღეს სულ უფრო და უფრო იშვიათად ვხედავთ ეზოში მოთამაშე ბავშვებს, ბურთი სხვადასხვა ელექტრონულმა მოწყობილობამ ჩაანაცვლა.

ერთხელ ვისხედით და ვსაუბრობდით, როცა პატარა სესილი შემოვიდა ოთახში და ერთად თამაში გვთხოვა.  დავიწყეთ ფიქრი, რა გვეთამაშა და ჩვენი ბავშვობის „რეზინობანა“  გავიხსენეთ. სესილი დიდი ლამაზი თვალებით გაოცებული შემოგვცქეროდა, რადგან არ იცოდა, რა თამაშს ვგულისხმობდით. დავიწყეთ რეზინის ძებნა, მაგრამ  არ აღმოგვაჩნდა. უცებ მივხვდით, რომ, ჯერ ერთი, დღეს ბავშვებს   არც სმენიათ  ეზოსა თუ სახლის ბევრი ისეთი თამაშის შესახებ, რომლებიც ჩვენს თაობაში იყო გავრცელებული და, მეორეც, არც აქვთ შესაძლებლობა,  ითამაშონ: არ არის საჭირო ინვენტარი, გარემო და ხშირად - ადამიანები, რომლებიც  დაუჯდებიან და ამ თამაშებს ასწავლიან მათ.

ჰოდა, იმ წამსვე გაჩნდა „თამაშობანას“ იდეა.

მისია თავიდანვე გასაგები იყო - „თამაშობანამ“ უნდა დააბრუნოს ნამდვილი თამაშები ბავშვების ცხოვრებაში,  გაახსენოს ისინი,  რომლებსაც ბევრი თაობა მიმართავდა  საქართველოში. ასეთები კი იყო: თამაშობანა ბურთით, გათვლები და სასირბილო თამაშობანა, ქალაქობანა, ორდროშობანა, „ვისი სული გსურს“, „ამის პატრონმა რა ქნას“, რეზინობანა, ლოტო ... დიდებს კი გაახსენოს საყვარელი თამაშები.  თამაში ხომ ყველა ასაკში აუცილებელია!

პირველ ეტაპზე გავიხსენეთ და შევკრიბეთ თამაშები.   ამისთვის ბევრი ბეჭდური თუ ზეპირი  წყარო გამოვიყენეთ. დიდი სიაც შედგა, რომელიც დაიყო სხვადასხვა კატეგორიად - საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თამაშებად:  წვიმაში სახლში, მაგიდის, ეზოს თამაშები, თამაშები სხვადასხვა ინვენტარის გამოყენებით - ბურთი, ლახტი, ბანქო... შემდეგ  ამ სიიდან შეირჩა პირველი 10 თამაში, რომლებითაც „თამაშობანა“ გაეცნობა ქართველ მომხმარებელს, დანარჩენები კი ნელ-ნელა შემოემატება.
ისტორიულად, თამაშები დიდ როლს თამაშობდა ქართველების ცხოვრებაში. ამაზე მოგვითხრობს როგორც ქართული, ისე  მრავალი უცხოური ნაწარმოები. რომ გადავიკითხოთ საუკეთესო მწერლების ნაწარმოებები, ყველგან ვიპოვით თამაშობათა და საზეიმო დღესასწაულთა აღწერას. თამაშები აჯანსაღებდა, ამხნევებდა და აცოცხლებდა ხალხს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ქართული თამაშების აღდგენა და  ფართო ასპარეზის მიცემა.

ისტორიულად, ორიგინალური ქართული თამაშები, როგორც უფრო მოძრავი და სხარტი, ადამიანის სხეულის მოქნილობის განმაპორობებელი, თუნდაც ევროპულ თამაშობებზე მაღლა იდგა.

ეს არის იმის მიზეზი, რომ ჩვენს ნაკრებში შესულია ძალიან ბევრი მოძრავი თამაში. თამაშები აერთიანებს ბავშვებს, ასწავლის წესისა და რიგის დაცვას, უწრთობს ნებისყოფას და ხასიათს, უყალიბებს სიმტკიცეს, სიძნელეთა და დაბრკოლებათა გადალახვის უნარს, ავარჯიშებს, ამხნევებს და აბედნიერებს.

ჩვენი თამაშების შეძენა შეგეძლებათ მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“, ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სათამაშოს მაღაზიათა სხვადასხვა  ქსელთან. მომავალში კი ყველა შეძლებს ჩვენი საკუთარი ონლაინ-მაღაზიით სარგებლობას  - გამოწერილი სათამაშოების სახლში მიტანას.

თამაში აუცილებელია!






No comments:

Post a Comment